სამთავრობო დებატების დროს ყველა დეპუტატს მინისტრებისთვის კითხვის დასმის საშუალება მიცემა, - ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელში მონაწილეობას უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც იღებდნენ.
"მთელი მომავალი კვირის განმავლობაში ინტენსიურად მივისმენთ ანგარიშებს, როგორც პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის, ასევე საქართველოს მთავრობის სხვა წევრების. ამ ანგარიშს აუცილებლად მოჰყვება შეკითხვები, რომელზე პასუხებსაც მინისტრები გავცემენ. შევთანხმდით, რომ პარლამენტის ყველა წევრს ექნება კითხვის დასმის და შეფასების გაკეთების საშუალება", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" ბევრი კითხვა დაუგროვდათ, მათ შორის რატომ ხდება, რომ საქართველოს მთავრობა 2-3 თვიან პროგნოზებსაც კი ვერ აკეთებს იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში მოსახლეობას აწუხებს.
"ჩვენ გვაინტერესებს რატომ ხდება, რომ მთავრობა სულ ახალ-ახალი ინიციატივით გამოდის და შედეგი კი ის არის, რომ უმუშევრობა მატულობს, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და სოფის მოსახლეობას არანაირი შეღავათი არ აქვს", - აცხადებს უმცირესობის ლიდერი.
დეპუტატის შეფასებით, მთავრობა ძალიან სუსტია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ გამოწვევებს და პრობლემებს ვერ უმკლავდება.
"გვსურს რომ ჩვენი შენიშვნებით, კრიტიკული შეკითხვებით და მოსაზრებებით ოდნავ მაინც მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა და მთავრობის კურსის კორექტირება", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო დებატები პარლამენტში 22 მარტს დაიწყება და 25 მარტს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურთან შემაჯამებელი დებატებით დაიხურება.