საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვული საქართველოში დაბრუნდა.
გელა ბეჟუაშვილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა. "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, გელა ბეჟუაშვილი საქართველოში ერთი კვირით დაბრუნდა და თავისი უფელებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ბეჟუაშვილი ამ დრომდე Harvard John F. Kennedy School of Government -ში სწავლობს, სადაც სწავლას დაახლოებით ერთ თვეში დაასრულებს და ქვეყანაში დაბრუნდება.
გელა ბეჟუაშვილის საქართველოდან წასვლის მიზეზებზე პირველი საჯარო კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1-ელ თებერვალს გაკეთდა. სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გელა ბეჟუაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია არ ადასტურა.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბეჟუაშვილი საკუთარი მოვალეობების შესრულებას თვენახევარში შეუდგება.
"გელა ბეჟუაშვილი კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სასწავლო კურსი თვენახევრიანია. ასე რომ, მაქსიმუმ აპრილიდან ის საკუთარ თანამდებობას დაუბრუნდება", - განმარტა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გელა ბეჟუაშვილი საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2008 წლის თებერვლიდან დაინიშნა.