გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, რომელიც შუასაუკუნეებშია აშენებული, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ეკლესიას ცოტა ხნის წინ ჭერი ჩამოექცა.
ეკლესია გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნიკა ანთიძემ და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათი თქმით, ძეგლის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება, რაზედაც 2010 წლის ბიუჯეტში შესაბამის თანხებს გაითვალისწინებენ.
ჭანდრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სავალალო მდგომარეობის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ეკლესიის კედლები შუაზეა გახსნილი, ხვრელის სიგანე 10 სანტიმეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს, ადგილობრივი მაცხოვრებლები ეკლესიაში მაინც ლოცულობენ.