უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, თუკი დასავლეთი კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ლიბიაში სამხედრო შენაერთებს შეიყვანს, რუსეთი საჭიროების შემთხვევაში მას პრეცენდენტად გამოიყენებს.
"იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ლიბიაში ჯარებს შეიყვანს, იგივე მოტივით ამას თუკი პოსტსაბჭოთა სივრცეში რევოლუცია მოხდება, რუსეთიც გააკეთებს,. ის იტყვის, რომ თუ დასავლეთს აქვს ამის უფლება, რატომ არ შეუძლია იგივე მანაც გააკეთოს. ზუსტად ასეთი პარალელებით ისარგებლა რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დროს, როცა კოსოვოს პრეცენდენტი გამოიყენა", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, მისივე აზრით, რუსეთი აღნიშნულის გარდა, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებისგან "მეორე კურდღლის" დაჭერასაც ცდილობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნავთობის გაძვირებით თავად ხეირობს.
"ლიბიაში ვითარება ასეთია - კადაფი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს სამხედრო ძალას და ამით ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. საჭიროა ადექვატური რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ყველაზე სწორი იქნებოდა მშვიდობის იძულება გაეროს უშიშროების რეზოლუციის ფარგლებში, მაგრამ რუსეთი არ აპირებს კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას მხარი დაუჭიროს. ამით ცდილობს 2 კურდღელი დაიჭიროს, მათ შორის ერთ-ერთი ისაა, რომ კრიზისის გამო ნავთობზე ფასის გაზრდით ის ხელს ითბობს", - აღნიშნა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყნის ლიდერის მუამედ კადაფის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობა და ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის ერთი თვეა აქციებს მართავენ. კადაფი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარს, დაქირავებულ ბოევიკებსა და ავიაციას იყენებს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის რამდენიმე ათასს აღწევს. ლიბიის მეთაურს გადადგომისკენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერებიც მოუწოდებენ, რომლებიც ქვეყანაში მშიდობის იძულებითი უზრუნველყოფისთვის ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისა და იქ სამხედრო ძალების შეყვანის საკითხებს განიხილავენ.