სასამართლო რეფორმის ფარგლებში სამი გაერთიანებული რაიონული სასამართლო შეიქმნა. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში ხარაგაულისა და თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოები შევიდნენ, თელავის რაიონული სასამართლოს ტერიტორიულ დაქვემდებარებაში კი ახმეტისა და გურჯაანის მაგისტრატი სასამართლოები. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დმანისისა და მარნეულის მაგისტრატი სასამართლოები მოიცვა.
მიმდინარე 2009 წელს საქართველოში სასამართლოთა გამსხვილების შედეგად სულ 8 გაერთიანებული და 16 მაგისტრატი სასამართლო შეიქმნა.
ამბროლაურის (ონის მაგისტრატი სასამართლო), ოზურგეთის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაგისტრატი სასამართლოები), ახალციხის (ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის მაგისტრატი სასამართლოები), ბათუმის საქალაქო (ქობულეთის მაგისტრატი სასამართლო), ხელვაჩაურის (შუახევის, ქედის, ხულოს მაგისტრატი სასამართლოები) რაიონული სასამართლოები 2009 წელს გაერთიანდნენ.
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში, დღეის მდგომარეობით, 178 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას. აქედან 64 მოსამართლე მართლმსაჯულებას თბილისის საქალაქო სასამართლოში აღასრულებს.
რეფორმის კონცეფციის თანახმად, 2010 წლისთვის საქართველოში 22 რაიონული და 44 მაგისტრატი სასამართლო იქნება. ამჟამად სასამართლო სისტემაში 14 გაერთიანებული რაიონული (საქალაქო) და 24 მაგისტრატი სასამართლო მოქმედებს.