რუსეთში აზერბაიჯანის ელჩს, რაჰმან მუსტაფაევს, ბაქოს მხრიდან „არამეგობრული ქმედებების“ გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საპროტესტო ნოტა გადაეცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ელჩი რაჰმან მუსტაფაევი სამშაბათს, პირველ ივლისს მივიდა საგარეო უწყებაში და შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების კითხვებისათვის არ უპასუხია.
ელჩს სამინისტროში პროტესტი გამოუცხადეს „ბაქოს არამეგობრული ნაბიჯების გამო“ და ფორმალურად გადასცეს „ჟურნალისტების გათავისუფლების მოთხოვნა“.
„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან შეხვედრისას, ელჩს პროტესტი გადაეცა ბაქოს ბოლოდროინდელი არამეგობრული ქმედებების, აზერბაიჯანული მხარის მიერ ორმხრივი ურთიერთობების დარღვევისკენ მიმართული ნაბიჯების გამო. აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადაეცა ვერბალური ნოტა, ბაქოში დაკავებული რუსი ჟურნალისტების, იგორ კარტავიხის და ევგენი ბელოუსოვის, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
30 ივნისს ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ აზერბაიჯანული სამსახურის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა.
ოპერაციის შედეგად დააკავეს „ეფესბეს ორი აგენტი“, რომლებიც, როგორც ირწმუნებიან, „ფარულად მუშაობდნენ“ სააგენტოს ადგილობრივ რედაქციაში. „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ რუსეთის სახელმწიფო მედიაჯგუფის „Россия сегодня”-ს ნაწილია.
დაკავებულებს შორისაა, რედაქციის მმართველი იგორ კარტავიხი და უფროსი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი. „Sputnik”-ის ცენტრალურმა სამსახურმა მათ მიმართ ბრალდებას „აბსურდული“ უწოდა.
კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ „ჟურნალისტების დაკავება სრულიად შეუსაბამოა [რუსეთ-აზერბაიჯანის] ორმხრივ ურთიერთობებთან“.
სპეცოპერაციას წინ უძღვოდა, 27 ივნისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რეიდებისას აზერბაიჯანული წარმოშობის 50-ზე მეტი პირის დაკავება. რეიდის დროს ორი მათგანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.