საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შორის 2022 წლის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, სატელეფონო საუბარი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მათი ცნობით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მაკრონმა მოუწოდა რაც შეიძლება მალე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამყარებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მყარი, ხანგრძლივი მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისკენ. ელისეს სასახლის განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ამ საკითხზე საუბარს გააგრძელებს.
პუტინსა და მაკრონს შორის წინა სატელეფონო საუბარი 2022 წლის 11 სექტემბერს შედგა.