ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად დასახელებას დაგვიანებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გასული შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სფერო დანგრეულიყო.
"ეს პრიორიტეტები ადრე უნდა ყოფილიყო გამოკვეთილი და შვიდი წლის მმართველობის შემდეგ არ უნდა აღმოგვეჩინა, რომ სოფლის მეურნეობა უმთვარსესი ყოფილა. ამ შვიდი წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობა დანგრეულიყო - მოინგრა ეკონომიკური საზღვარი, როგორც ადმინისტრაციული, ისე საკანონმდებლო მიმართულებით (გაუქმდა სურსათის უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საზღვარს გენმოდიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის შემოსვლისგან იცავდნენ, რითაც აბსოლუტურ არაკონკურენტულ გარემოში მოაქციეს ადგილობრივი წარმოება და არ მისცეს მას განვითარების საშუალება). გარდა ამისა, ბაზრის დაცვის მექანიზმი გახდა საბაჟო გადასახადი, რომელსაც გარდამავალ ეტაპზე ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა უნდა უზრუნველყო, თუმცა ამ კუთხითაც ხელისუფლებამ საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგა. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეკონომიკა დასუსტებულიყო", - განუცხადა ხუხაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს მთავრობისთვის "აგრარულ მთავრობად" გადაქცევის შესახებ საგანგებო დავალების მიცემის საკითხზე კომენტირებისას.
ამასთან, ექსპერტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოცხადდა, ის აგრარული სექტორის განვითარების კონკრეტულ გეგმას ვერ ხედავს.
"მე ვერ ვხედავ რეალურ ქმედებებს, ვხედავ მარტო განცხადებებს. რეალური ქმედები უნდა იყოს შემდეგი: მკაცრად მოხდეს ეკონომიკური საზღვრის დაცვა, რომ ქართველ გლეხს მიეცეს საშუალება აღიდგინოს თავისი კონკურენტუნარიანობა და უნდა აღდგეს ის ინსტრუმენტები, რომლებიც ჩვენს ბაზარს უხარისხო პროდუქტებისგან დაიცავენ", - განმარტა ექსპერტმა.
გარდა ამისა, გია ხუხაშვილი ხელისუფლებას იმის გამოც აკრიტიკებს, რომ პრიორიტეტებს "ყოველთვიურად ცვლის".
"ხელისუფლება სტრატეგიას ცვლის თვეში ერთხელ. ცოტა ხნის წინ მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი გამოვაცხადეთ, თუმცა, ეგვიპტის მოვლენებმა აჩვენება, რომ ტურიზმზე აწყობილი ქვეყანა საკმაოდ სენსიტიურია სხვადასხვა პოლიტიკურ რისკებთან მიმართებაში. ამის შემდეგ გლობალური სასურსათო კრიზისის გათვალისწინებით კიდევ ახალი პრიორიტეტები დავასახელეთ. ხვალ რომ სხვა რისკები გაჩნდეს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ახალ სტრატეგიას გამოვაცხადებთ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის აზრით, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე საქართველოს პასუხი აგრარული სექტორის გაძლიერება და განვითარება უნდა იყოს, რის კონტექსტში ქვეყნის პირველა პირმა მთავრობას "აგრარულ მთავრობად" გადაქცევის დავალება მისცა.