"ქრისტიან-დემოკრატები" ინვალიდთა ცენტრების დაფინანსების წესის შეცვლას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს. ამასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები და ინვალიდთა ცენტრის ხელმძღვანელები.
როგორც ანიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა გეგმავს რომ 1-ლი იანვრიდან აღნიშნული ცენტრების დაფინანსება მოხდეს ვაუჩერული პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაუჩერი გადაეცემა მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიაში აღმოჩნდებიან. დანარჩენი ინვალიდი ბავშვების ოჯახებს კი თვეში 300 ლარის გადახდა მოუწევს.
ანიკაშვილის განცხადებით, ეს პრინციპი კატეგორიულად მიუღებელია, რადგან "ერთი მხრივ ბევრ გაურკვევლობას და კრიტიკას იწვევს ის კრიტერიუმები რის მიხედვითაც ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიის შერჩევა და ბევრი ისეთი ოჯახი, რომელიც იმსახურებს ამ კატეგორიებში მოხვერდას სახელმწიფო დახმარების გარეშე რჩება". მისივე თქმით, ეს პრინციპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებისათვის ორმაგად მძიმე იქნება, რადგან მათ ინვალიდების ცენტრებში მიყვანისთვის დასჭირდებათ დამატებითი 300 ლარის გადახდა და თუ ვერ გადაიხდიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები "ოჯახებში გამოკეტილნი და საზოგადოებას მოწყვენილნი აღმოჩნდებიან".
"ამიტომ მოვითხოვთ ყველა ინვალიდს, რომელიც სარგებლობს დღის ცენტრების მომსახურებით შეუნარჩუნდეთ დაფინანსება და მათთვის ვინც ამ მომსახურეობის მიღმაა დარჩენილი გამოიყოს დამატებითი სახსრები", - აცხადებს ანიკაშვილი.
გარდა ამისა როგორც იგი აღნიშნავს, დღეს სრულდება ერთი წელი, რაც პარალმენტმა მიიღო დადგენილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც მთავრობას 2009 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა წარმოდეგინა ამ დადგენილების საფუძველზე საკანონმდებლო ინიციატივები.
"მაგრამ არცერთი წინანადება მთავრობის მხრიდან პარამენტში არ შემოსულა და როგორც ჩანს, ეს კონცეფცია დარჩება ქაღალდზე დაწერილ კეთილ სურვილებად, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებები პარლამნეტის მიერ დადგენილ პრინციპებს ეწინაღმდეგება", - აცხადებს ანიკაშვილი.