აშშ-ის სანაპირო ზოლებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. BBC-ს ინფორმაციით, ცუნამის პირველმა ტალღებმა ორეგონის სანაპიროსთან მიაღწიეს, თუმცა ამ ეტაპზე ტალღების სერიოზული დარტყმა არ ყოფილა. ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს კალიფორნიისა და ვაშინგტონის შტატების სანაპიროებიდანაც. როგორც ამერიკელი მეტეოროლოგები ვარაუდობენ, კალიფორნიას შესაძლოა 6-7 ფუტის სიმაღლის ტალღა დაატყდეს თავს.
იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, არსებობს საშიშროება წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში ძლიერი ცუნამი მოხდეს. მცირე დარტმები უკვე დაფიქსირდა ინდონეზიაში, ფილიპინებსა და ჰავაის კუნძულებზე. როგორც დასავლური მედია წერს, დარტყმებს ნგრევა არ გამოუწვევია.
იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ ასეულობით ადამიანია დაღუპული. დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ქალაქ სენდაიში 300-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი.
მიიაგის პრეფექტურაში სამგზავრო მატარებელია დაკარგული, რომელშიც სავარაუდოდ მგზავრებიც იმყოფებოდნენ. ასევე ვერ ხერხდება გემის პოვნაც, რომლის ბორტზეც 100 ადამიანი იმყოფებოდა.
მიიაგის ქალაქ კესენნუმაში ამ დრომდე იწვის საცხოვრებელი სახლები და შენობები. 3000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა ფუკუშიმადან. ატომური ელექტროსადგურის გადახურებული რეაქტორების გაგრილება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რაც რადიაციის გაჟონვის საფრთხეს ქმნის.