ძლიერი ხანაძარია იაპონიის მიაგის პრეფექტურის ქალაქ კისენუმას ტერიტორიაზე. ტელევიზიები ავრცელებენ უსაფრთხოების ძალების მიერ ტოჰოკუში ზღვაზე გადაღებულ კადრებს.
ხანძარმა 8 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მოიცვა. ქალაქში იწვის სკოლა და სხვა დაწესებულებები.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ხანძარი გაჩნდა პორტში და მისი პროვოცირება ცუნამის შედეგად დაზიანებული გემებიდან საწვავის დაღვრამ გამოიწვია, რის შემდეგაც ხანძარმა ქალაქის სიღრმეშიც გადაინაცვლა. ამ დროისთვის მეხანძრეები მათ ხელთ არსებული საშუალებებით ვერ ახერხებენ ხანძრის შენელებას.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში ამ დილით მომხდარ მიწისძვრასა და ცუნამის მსხვერპლი მოჰყვა. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ქალაქებში, რომლებშიც ატომური ელექტროსადგურები მდებარეობს. ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე 2 ენერგობლოკი ავარიულად გაითიშა, ხოლო ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. სენდაიში ცუნამის შედეგად ნაგავისა და ტალახის ნაკადი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე საცხოვრებელი კვარტალი, აეროპორტი და სხვადასხვა დაწესებულება გაანადგურა.