ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფს პოსტის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში, საგანგებო სამიტზე გაკეთდა. სამიტზე ლიბიაში შექმნილ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისს განიხილავენ.
"კადაფიმ ხელისუფლება სასწრაფოდ უნდა გადასცეს ოპოზიციას. ევროკავშირის აღნიშნული პრობლემის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით ცდილობს. პრობლემის მოსაგვარებლად მჭიდროთ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა ევროკომიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროსომ.
მსგავსი განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც. "ის ვინც საკუთარ ხალხს ომს უცხადებს და ხოცავს საკუთარ მოქალაქეებს, ევროკავშირი არასდროს იქნება მისი პარტნიორი. კადაფი სასწრაფოდ უნდა გადადგეს", - აღნიშნავს მერკელი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის განცხადებით, ლიბიის პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირის ერთიანობაა საჭირო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს.
საფრანგეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუდებს ლეგიტიმურად სცნონ ლიბიის გარდამავალი საბჭო, თუმცა როგორც BBC იუწყება ფართო მხარდამჭერა ვერ მოიპოვა აღნიშნულ საკითხში.
ლიბიაში არეულობები ამ დრომდე მიმდინარეობს. კადაფის რეჟიმი ალ ზავიას აღებას ზეიმობს. კადაფის მხარდამჭერმა სამხედრო ძალებმა ალ ზავიაზე ძლიერი დაბომბვის შემდეგ დაიბრუნეს.