Georgian Dream -ი ქართველ მუსიკოსებს საერთაშორისო ასპარეზზე პოტენციალის წარმოჩენაში დაეხმარება. კომპანია სულ ახლახან ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელია საავტორო სასიმღერო ჟანრის ახალგაზრდა წარმომადგენელი, მუსიკოს-შემსრულებელი ბერა ივანიშვილი.
Georgian Dream -ის გეგმებთან დაკავშირებით, კომპანიის საზოგადოებისა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ჩამოყალიბდა კომპანია Georgian Dream (`ქართული ოცნება~), რომელიც ქართულ მუსიკალურ სივრცეში მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული და ფართოდ გავრცელებული თანამედროვე მიმდინარეობების პოპულარიზაციას, ქართველი მუსიკოსების ხელშეწყობას, მათი პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენასა და ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
კომპანიის დამფუძნებელია საავტორო სასიმღერო ჟანრის ახალგაზრდა წარმომადგენელი, მუსიკოს-შემსრულებელი ბერა ივანიშვილი, რომელიც ქართული შოუბიზნესის ხელშეწყობას, საკუთარი შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციასა და საერთაშორისო სახელის მქონე მუსიკოსთა ქართველებისთვის გაცნობას სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით გეგმავს. დაგეგმილი მუსიკალური პროექტების განსახორციელებლად, კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია.
ბერას პირველი სინგლისა და ვიდეოკლიპის გაცნობა უახლოეს ერთ კვირაში გახდება შესაძლებელი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას უშუალოდ სიმღერის ამერიკულ პრემიერამდე შემოგთავაზებთ.
კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ახლად შექმნილი კომპანიის საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურს კოორდინაციას ჟურნალისტი სალომე გოგიაშვილი გაუწევს.(899 51 11 50; 822 23 01 03)"