კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყველას მოსასმენად და დიალოგისთვის მზად არის, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
კითხვაზე, უპასუხებდა თუ არა პუტინი ტელეფონს, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტის ან გერმანიის კანცლერის ზარის შემთხვევაში, პესკოვმა განაცხადა:
„ისიც აიღებს ყურმილს (...) რა თქმა უნდა, ის ყველასთან დიალოგისთვის ღიაა“.
შეკითხვაზე, დაელაპარაკებოდა თუ არა პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თუკი ის დაურეკავდა, პესკოვმა უპასუხა:
„ჯერ არავის დაურეკავს“.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს, პუტინთან დარეკვის სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ იმედი ჰქონდეთ, რომ ის ზარს უპასუხებს.
„შეთანხმებული იყო, რომ თუ ლიდერებს პუტინთან დარეკვა მოუნდებათ, ის ყოველთვის უპასუხებს ზარს“, - განაცხადა უშაკოვმა.