3 დეკემბერს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქცია _ გურიის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილთა სამედიცინო გამოკვლევები _ დასრულდება. დევნილთა გამოკვლევა 2 დეკემბერს დაიწყო.
487 აფხაზეთიდან დევნილს უფასო ამბულატორიული (ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და ლაბორატორიული) გამოკვლევებისა და სამედიცინო კონსულტაციების შესაძლებლობა ეძლევა. დანიშნულების შესაბამისად, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო მათ მედიკამენტებს გადასცემს. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის სამედიცინო გამოკვლევები ოზურგეთის პოლიკლინიკაში ტარდება.
პროგრამის მიზანია დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, დაავადებათა დროული გამოვლენა და მათი მკურნალობა.
პროექტის ფარგლებში დევნილებს ამერიკული ორგანიზაცია Cauenr Part Internetional-ის ჰუმანიტარული დახმარებაც გადაეცემათ, ხოლო ინვალიდებს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ეტლებს გადასცემს.
პროფილაქტიკური გასინჯვების პროგრამა აფხაზეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. სამედიცინო აქცია ორდღიანია და გურიის რეგიონს მთლიანად მოიცავს.
პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა და აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილებთან შეხვედრებს მართავენ.