3 დეკემბერს, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები პარტიის თავმჯდომარის გია ჭანტურიას მკვლელობიდან 15 წლისთავთან დაკავშირებით ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, მის საფლავთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხსოვნას. გაიმართება სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
"ბოლო ათწლეულების ქართულმა პოლიტიკურმა რეალობამ კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა იყო კარგად გამიზნული პოლიტიკური აქტი, რომელმაც მრავალი წლით უკან გადასწია საქართველოს, ერთი მხრივ, ეროვნულ და მეორე მხრივ, დასავლეთისაკენ მავალ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი. ჩვენს უახლეს ისტორიაში გია ჭანტურია იყო ყველაზე მზარდი პოლიტიკური ფიგურა, ძლიერი პოლიტიკური პარტიით და მკვეთრად გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტირებით, ეს იყო წმინდა დასავლური ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც უალტერნატივო იყო იმ ბრძოლაში, რასაც ერქვა ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, დასავლური დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება და საქართველოს პოლიტიკური ვექტორის ცალსახა გადატანა ჩრდილოეთიდან ევროატლანტიკური სივრცისკენ. ქართულმა საზოგადოებამ, მომავალმა თაობებმა კარგად უნდა გააცნობიერონ ასეთი მოვლენები. გია ჭანტურია იყო რუსული პოლიტიკის მსხვერპლი, რადგან ის და მისი პოლიტიკური ძალა საქართველოში რუსული ინტერესების ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა", - ნათქვამია ედპ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ედპ-ის ლიდერი 1994 წლის 3 დეკემბერს თბილისში მოკლეს.