დღეს, 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სოფელ მეჯვრისხევში შემოსავლების შექმნის პროგრამით დაფინანსებულ სათბურს გახსნის.
მეჯვრისხევს ბაქრაძესთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და UNHCR-ის საქართველოს ხელმძღვანელი სიმონე ვოლკენიც ესტუმრებიან.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატმა (UNHCR), პარტნიორი ორგანიზაციის საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს (IRD) მეშვეობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ააშენა 3000 კვ.მეტრის სიდიდის სათბური.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სათბურისა და სათბურისთვის საჭირო სისტემების მონტაჟს, ასაქმებს 20 ადგლიობრივ მოსახლეს.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა სათემო ორგანიზაცია "აგრო ვიტა". იგი აერთიანებს 45 ოჯახს, რომლის ოჯახის წევრებიც არიან დასაქმებულნი სასათბურე მეურნეობებში. სათემო ორგანიზაციის წევრებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ტრეინინგი, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროდუქციის მოყვანას, პროდუქციის რეალიზაციას და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობას.
სასათბურე მეურნეობები გამოყენებულ იქნება არა მხოლოდ ბოსტნეულის მოსაყვანად, არამედ ჩითილების გამოსაყვანადაც. პროექტის ფარგლებში რეგიონში მცხოვრებ 1500 მოსარგებლეს, ორი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ დაურიგდებათ სათბურებში მოყვანილი პომიდვრის 150 ჩითილი (სულ 225,000 ძირი).
შეგახსენებთ, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს დაახლოებით 355,000 ადამიანის სამართლებლივ დაცვას და მათი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის საშუალებათა გამონახვას, რაც მოიცავს 350,000 ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებს, 1600 სტატუსის არმქონე პირებს და დაახლოებით 1000 ლტოლვილს.