გვატემალას პირველი ლედი სანდრა ტორესი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კონსტიტუციის დარღვევით მიიღებს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.
მოქმედი პრეზიდენტის ალვარო კოლომას მეუღლე ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად თანამემამულეებში თავის პოპულარობას ასახელებს. სანდრა ტორესმა თავის მიზნად გვატემალას, როგორც "სოციალური მშვიდობისა და იმედის" სახელმწიფოს, მშენებლობა დაისახა.
ტორესის გადაწყვეტილება მით უფრო საინტერესოა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მოქმედი პრეზიდენტის ნათესავებს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას უკრძალავს. თუმცა ტორესის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენების აკრძალვა გვატემალის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას ეწინააღმდეგება.
საბოლოო გადაწყვეტილებას გვატემალის საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება სანდრა ტორესს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თავად მოქმედი პრეზიდენტი ალვარო კოლომა სექტემბერში გამართულ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სანდრა ტორესი გვატემალის ისტორიაში პირველი მანდილოსანი პრეზიდენტი გახდება.