ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ ეგვიპტის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
"ჩემთვის პატივი იქნება, ვემსახურო ეგვიპტელ ხალხს. ჩემი წვლილი შევიტანო სახელმწიფო მართვასა და განახლებულ პოლიტიკურ სისტემაში", - აღნიშნა თავის მომხრეებთან ქაიროში გამართულ შეხვედრაზე 68 წლის პოლიტიკოსმა.
"დემოკრატიული გარდატეხა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ ხალხის მისწრაფება და ნება", - აღნიშნა ბარადეიმ.
მისი თქმით, აუცილებელია სხვა არაბულ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რათა პალესტინის პრობლემა მოგვარდეს.
შეგახსენებთ, ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარდება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ელ-ბარადეიმ ჯერ კიდევ ეგვიპტის ექს-პრეზიენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომამდე განაცხადა. იგი იანვარ-თებერვლის მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე გახლდათ. სახალხო მღელვარებამ 1981 წლიდან ეგვიპტის სათავეში მყოფ ჰოსნი მუბარაქს გადადგომა აიძულა.