ლიბიის ჯამახირიას ( საზოგადოებრივი მოწყობის ფორმა, რომელიც მონარქიისა და რესპუბლიკისგან განსხვავებულია და მუამარ კადაფის მესამე მსოფლიო თეორიას ეფუძნება) უცვლელი ლიდერი მუამარ კადაფი გადადგომის სანაცვლოდ განსაზღვრული თანხის მიღებას მოელის. ამის შესახებ "კომერსანტი" იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, მუამარ კადაფი საერთო სახალხო კონგრესისთვის ხელისუფლების გადაცემას იმ შემთხვევაში აპირებს, თუკი მასა და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტიას, სასამართლო დევნისგან იმუნიტეტსა და გამოსასყიდს მისცემენ, რომლის ოდენობაც არ კონკრეტდება.
კადაფის ეს პირობები ამბოხებულ ლიდერებს არ აწყობთ. მათი სურვილია, ჩადენილ დანაშაულთა გამო პოლკოვნიკის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
შეგახსენებთ, გუშინ ლიბიის ოპოზიციური გარდამავალი ნაციონალური საბჭოს ლიდერმა შეიხ მუსტაფა აბდელ ჯალილმა პოლკოვნიკ კადაფის ულტიმატუმი წაუყენა. 72 საათის განმავლობაში კადაფიმ ხელისუფლებაზე უარი უნდა თქვას და ქვეყანა დატოვოს. ამ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ დევნა შეწყდება.