ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი არ გამორიცხავს, რომ მუამად კადაფიმ ნავთობობიექტების დაბომბვა დაიწყოს.
"დღეები და საათები გადის. უდანაშაულო ლიბიელებს უტევენ ჰაერიდან და მე მეშინია იმ მოსალოდნელი ქმედებების, რომლებიც შეიძლება კადაფიმ დაიწყოს. მაგალითად, ნავთობობიექტების დაბომბვა. ამას კატასტროფული შედეგები ექნება ეკოლოგიის კუთხით. ჩვენ უნდა მივმართოთ თითოეულ ლიბიელს, რომ ჩვენთან ითანამშრომლოს", - განაცხადა მაკკეინმა ავსტრალიაში ვიზიტისას.
მისივე განმარტებით, ლიბიის ხელისუფლების შესაცვლელად საუკეთესო გზა ქვეყნის არასაფრენ ზონად გამოცხადებაა, იქ ამერიკული ჯარების შეყვანა კი ნაკლებშედეგიანი იქნება.
"ჩემი აზრით კადაფის წასვლისთვის საუკეთესო გზაა მომხრეებისგან მისი მიტოვება. კადაფი უნდა წავიდეს და ესაა ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია. ამის მისაღწევი ერთ-ერთი გზა კი, ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებაა. ჩემი აზრით, ჯარების შეყვანა ლიბიაში არ იქნება შედეგიანი", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა სენატორმა უკვე მიმართა შეერთებულ შტატებს აღიაროს ლიბიიის გარდამავალი მთავრობა და აჯანყებულებს შეიარაღებით დაეხმაროს.