თურქეთის ტურიზმის სამინისტრომ ქალაქ ანტალიის მუზეუმს იმ ნაწილების გამოფენა აუკრძალა, რომელიც გავრცელებული ვერსიით, თითქოს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს ეკუთვნოდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წმიდა ნიკოლოზის სახელობის მსოფლიო საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მუამერ კარაბულუთიზე დაყრდნობით იტყობინება.
უკვე დამტკიცებულია, რომ წმიდა ნიკოლოზის ნაწილებად მიჩნეული ექსპონატები, რომლებიც 86 წლის განმავლობაში მუზეუმის კუთვნილებად ითვლებოდა, სინამდვილეში, ქრისტიანთა ამ დიდ წმინდანს არ ეკუთვნის. ჯერ კიდევ 1925 წელს ეს ნაწილები იტალიელმა ქალბატონმა მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
კარაბულუთის თქმით, მირონის საბჭომ არაერთგზის მიმართა ტურიზმის სამინისტროს, რათა მას მუზეუმის ექსპონატთა შემადგენლობიდან ეს ნაწილები ამოეღო. უკანასკნელი ასეთი თხოვნა მან 2010 წლის 20 დეკემბერსაც გაგზავნა. ამჯერად კარაბულუთი ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო კმაყოფილებას გამოხატავს.
წმინდა ნიკოლოზი მესამე-მეოთხე საუკუნეებში ცხოვრობდა. მისი წმინდა ნაწილები წმინდანის გარდაცვალების შემდეგ მცირე აზიის ქალაქ მირონში აშენებულ ეკლესიაშია დაკრძალული. მე-11 საუკუნეში მისი ნაწილები იტალიელმა ვაჭრებმა იტალიის ქალაქ ბარში გაიტანეს, სადაც დღემდეა დაკრძალული.
მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები წმიდა ნიკოლოზს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ. იგი მეზღვაურთა, ვაჭრებისა და ბავშვების მფარველად ითვლება.