დღეს, 9 მარტს, თოჯინა ბარბის (Barbie) 51 წელი უსრულდება. ბარბის 50 წლის იუბილე 2009 წელს აღინიშნა. სახელგანთქმულ თოჯინას კომპანია Mattel-ისთვის ყოველწლიურად 1.5 მლრდ დოლარი მოაქვს, ეს კი ფირმის მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 20%-ია.
ბარბის ისტორია 1959 წელს დაიწყო, როდესაც პოლონელმა ემიგრანტმა რუთ ჰენდლერმა და მისმა მეუღლემ ელიოტმა ნიუ-იორკის ბაზრობაზე წარმოადგინეს თოჯინის სრულიად ახალი ტიპი _ გრძელი ფეხებითა და დიდი ბიუსტით. ბარბის ერთ-ერთი პროტოტიპია ეროტიკული კომიქსების მიხედვით შექმნილი გერმანული თოჯინა, სახელად ბილდ ლილლი, ხოლო სახელი ბარბიმ რუთის გოგონა ბარბარასგან მიიღო.
"კარიერის" დასაწყისში ბარბი საკმაოდ ცუდად იყიდებოდა და კრიტიკასაც კი იმსახურებდა თავისი მკვეთრად გამოხატული ქალური ფორმების გამო (მანამდე ბაზარზე თოჯინების უმეტესობა წარმოდგენილი იყო თოჯინა-ახალშობილის ან თოჯინა-ბავშვის სახით), თანდათნობით გაყიდვებმა იმატეს. 1959 წლის ბოლოსთვის 350 ათასი ეგზემპლარი იყო გაყიდული, ხოლო სულ რაღაც 4 წელიწადში Mატტელ-ი აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის სიაში შევიდა.
დღეისთვის ბარბის გარეგნობაზე 50 დიზაინერი და 12 საშტატო პარიკმახერი მუშაობს, ხოლო მის უფლებებს 100-ზე მეტი იურისტი იცავს. სულ ამ კომპანიაში 35 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული მსოფლიო მასშტაბით. წლიური გაყიდვებიდან 90% თოჯინის ახალ მოდელებზე მოდის, რომელიც დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ქერა ფოტომოდელი. ბარბიმ ასზე მეტი პროფესია შეიძინა, იყო სტიუარდესაც, პალეონტოლოგიც, აერობიკის ინსტრუქტორიც, ტელეწამყვანიც და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერიც. იგი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელიც იყო: იტალიელი, იაპონელი, კორეელი, აფროამერიკელი და ესკიმოსიც კი. ბარბის გარდერობი რეგულარულად ივსება არმანის, ჟივანშის, კელვინ კლაინის, დიორის, ვივიენ ვესტვუდისა და სხვა კუტურიების შექმნილი სიახლეებით.
ბარბი ყველაზე პოპულარული თოჯინაა ევროპულ ქვეყანათა უმრავლესობასი, სერიოზული კონკურენტის, თოჯინა Bრატზ-ის პოპულარობის მიუხედავად, რომლის გაყიდვებმაც 2005 წელს ბარბისას გადააჭარბა. თუმცა მისი პოპულარობა არც მსოფლიოს სხვა ნაწილებშია ნაკლები: მაგალითად, ბარბით 72% პუერტორიკოელი და 49% ჩილეელი ბავშვი თამაშობს. გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმე მუსულმანური ქვეყანააა, როგორებიცაა საუდის არაბეთი და ირანი, მაგრამ იქაც კი დახლებიდან ამ სათამაშოს გაქრობა ვერ მოახერხეს.