გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციის დაწესებას ითხოვს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
"ის, რაც ლიბიაში ხდება, შეშფოთების დიდი გრძნობით მავსებს. გაეროს უშიშროების საბჭომ კვლავაც უნდა განიხილოს ეს სიტუაცია. აუცილებელია მათ წინააღმდეგ ზუსტი სანქციების დაწესება, ვისაც ლიბიელი ხალხის მიმართ ჩადენილი დანაშულის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება",_მიიჩნევს მინისტრი.
მისი თქმით, ლიბიის მიმართ აქამდე შეთანხმებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, ვესტერველე დარწმუნებულია, რომ რეჟიმის შემლამაზებელი ფინანსური არხი უნდა გადაიკეტოს.
გარდა ამისა, ვესტერველე აცხადებს, რომ მსოფლიო საზოგადოების მიერ მიღებული ყველა ზომა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული უნდა იყოს. ამასთან, არავითარი წარმატების მიღწევა არ შეიძლება მეზობელი არაბეთის სახელმწიფოთა მხრიდან მხარდაჭერის გარეშე.
უფრო ადრე ლიბიის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა კადაფიმ გაეროს ან აფრიკული ქვეყნების კავშირს მისი რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნა მოსთხოვა.
შეგახსენებთ, გერმანიის ხელისუფლებამ მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟის ორმილიონი ევროს ოდენობით ანგარიში გაყინა.
საინტერესოა, რომ ლიბიის ლიდერისა და მისი გარემოცვის სანქციების წინააღმდეგ თურქეთი გამოვიდა, რომლის პრემიერ-მინისტრმა ტაიპ ერდოგანმაც განაცხადა, რომ ანკარა ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის წინააღმდეგია, რაც ლიბიელ ხალხს ზიანს მოუტანს.