ელვის პრესლის ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქეობა სიკვდილის შემდეგ მიენიჭა. ამასთან, ბუდაპეშტის ერთ-ერთ ქუჩასაც როკ-ენ-როლის მეფის სახელს უწოდებენ. ამის შესახებ უნგრეთის დედაქალაქის მერმა იშტვან ტარლოშმა განაცხადა.
უნგრელმა ჩინოვნიკმა უკვე აღიარა, რომ საკუთარი ფირფიტების კოლექციაში ელვის პრესლის არცერთი ალბომი არ მოიძებნება. ელვის პრესლის საპატიო მოქალაქედ აღიარება კი პოლიტიკურ მიზეზთა გამო გადაწყვიტა.
იშტვან ტარლოშის თქმით, ელვის პრესლიმ ეს სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც 1956 წელს უნგრეთის აჯანყების დროს უნგრელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
საუბარია 1957 წელს ელვის პრესლის გამოსვლაზე "ედ სალივანის შოუში". სატელევიზიო ეთერის დროს ელვის პრესლიმ შეასრულა კომპოზიცია Peace in the Valley.
მაშინდელი პროგრამის წამყვანმა ედ სალივანიმ როკ-ენ-როლის მეფის მიერ ამ სიმღერის შერჩევა განმარტა, როგორც ელვის პრესლის შეშფოთების გამოხატვა უნგრეთში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩახშობის გამო.
უახლოეს დღეებში, ბუდაპეშტის მცხოვრებლებმა უნდა გადაწყვიტონ, ქალაქის რომელ ქუჩას უწოდებენ ელვის პრესლის სახელს. სავარაუდო პრეტენდენტთა შორის 12 ქუჩა დასახელდა. დედაქალაქის ოფიციალურ საიტზე ხმების მიცემა 15 მარტს დასრულდება.