მოძრაობა "თეთრების" ლიდერი, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ტირძნისიდან გატაცებული ბავშვების საკითხის მოგვარებაში გოჩა ძასოხოვი ჩაერთო და აღნიშნული საკითხი დადებითად გადაწყდება.
შაშიაშვილის განცხადებით, ამის შესახებ შეტყობინება მან ერთი საათის წინ ტელეფონით უშუალოდ გოჩა ძასოხოვისაგან მიიღო.
თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ძასოხოვმა მას შეატყობინა, რომ საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი. შაშიაშვილი ძასოხოვთან შეხვედრას ხვალისთვის გეგმავს.
"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაეთავისუფლებინათ გადაცებული ბავშვები. თუ ყველა არა, ორი ყველაზე უმცროსი მაინც. ამ საკითხზე გვქონდა არაერთხელ საუბარი გოჩა ძასოხოვთან. მე დღეს გოჩა ძასოხოვისაგან მივიღე შეტყობინება, რომ ყველაფერი კარგადაა და დადებითად არის გადაწყვეტილი. მე ვგეგმავ ხვალ შევხვდე გოჩა ძასოხოვს, ასევე ჩავიდე ცხინვალში და მოვინახულო დაკავებული ბავშვები", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" თემურ შაშიაშვილმა.