შიდა ქართლის საოლქო პროკურატურამ ექიმი დააკავა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ნინო ჯობაძეს გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ედება ბრალად.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, სააქციო საზოგადოება "ხაშურის მრავალპროფილიან სავადმყოფოში" ექიმ ნინო ჯობაძის მიერ გლანდების ოპერაციის ჩატარების დროს მოულოდნელად გარდაიცვალა 29 წლის პაციენტი ნანა სიდიანი.
"საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დანიშნულია ასევე ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, იმისDდასადგენად, თუ რა სახის და რაოდენობის მედიკამენტები იქნა გამოყენებული ოპერაციის დროს, რა ჯგუფისა და რეზუსის სისხლი გადაესხა გარდაცვლილ ნ. სიდიანს. დაზარალებულად ცნობილი იქნა და დაიკითხა ნ. სიდიანის მეუღლე თეიმურაზ კაპანაძე. ასევე მოწმის სახით დაიკითხა ოპერაციის მონაწილე სამედიცინო პერსონალი. ექიმ ნინო ჯობაძის ჩვენებით კი დადგენილია, რომ 2009 წლის 21 ნოემბერს მან ჩაატარა ნანა სიდიანის გლანდების ოპერაცია, ანუ "ტონზილექტომია". ოპერაციის ჩატარებამდე პაციენტ ნ. სიდიანს ააღებინა მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი და "კოაგულოგრამა" არ გაითვალისწინა და არ ააღებინა შარდის საერთო ანალიზი და კარდიოგრამა, რაც მას ევალებოდა საავადმყოფოს სამედიცინო სტანდარტის შესაბამისად. Oოპერაციის მსვლელობისას მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი რამდენჯერმე ცუდად გახდა, ექიმმა მაინც გააგრძელა ოპერაცია. საერთო ჯამში, ავადმყოფს დაეწყო მწვავე სისხლდენა და გარდაიცვალა", - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნანა სიდიანის სიკვდილის მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა.
ნინო ჯობაძეს ბრალი საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით წარედგინა და დაკავებულია ბრალდებულის სახით.
პროკურატურამ სასამართლოს ნინო ჯობაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.