კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დამნაშავეიმაში, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება, ქვეყნის სასაზღვრო პოლიციაა.
"პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია არის უუნარო საზღვრები გააკონტროლოს. ის სუსტია და ამას ვერ უზრუნველყოფს. გაგიგიათ ოდესმე, რომ უშუალოდ საზღვარზე გაეჩერებინათ ნარკოტიკების გადამტანები?", - განუცხადა ზაქარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე კომენტირებისას.
რაც შეეხება ანგარიშშის ავტორების მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ნარკოტრანზიტის გზა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გადიოდეს (ვინაიდან ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ვერ კონტროლდება), კონფლიქტოლოგი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ ამ რეგიონებიდან ნარკოტიკების გატანის შესაძლებლობა შემცირდა.
"ნარკოტიკების უმრავლესობა შემოდის ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან. რა თქმა უნდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იყო ნარკოტრანზიტის გზა, მაგრამ ეს მაშინ, როცა იქ რუსეთის სამშვიდობო ძალები იდგნენ და მათ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდათ. ახლა, როცა რუსებს აკრძალული აქვთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შემოსვლა, ოკუპირებული რეგიონები ციხესიმაგრედ იქცა - ცალკე ჩვენ, ცალკე რუსეთი აკონტროლებს და ვაპატიმრებთ ყველა ადამიანს, ვინც ამ ტერიტორიებიდან გადმოდის. ამ ფონზე, მგონია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის როლი, როგორც ნარკოტრანზიტის გზის, შემცირდა", - განმარტა კონფლიქტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულის მიზეზად ის გარემოებაა დასახელებული, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადიოდეს ნარკოტრანზიტის გზა.