2008 წელს აგვისტოში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი პილოტების კაბინაში არაერთხელ შევიდა და ეკიპაჟს თბილისისკენ გეზის აღება მოსთხოვა. როგორც "როსბიზნესკონსალტინგი" იტყობინება, ასეთი ინფორმაცია ერთ-ერთმა წამყვანმა პოლიტიკურმა გამოცემამ მის ხელთ არსებული წერილის საფუძველზე გაავრცელა.
დოკუმენტის თანახმად, მფრინავებმა თბილისში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს, რადგან ეს საკმაოდ საშიში იყო - კერძოდ, აეროპორტში რადარები არ იყო. ამასთან, იმ დროს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაწყებული კონფლიქტის გამო, შესაძლოა, პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოეგდოთ.
"საქართველოში დაფრენაზე უარი ვთქვი, რის შემდეგაც ლეხ კაჩინსკიმ ამავე თხოვნით ჩემს თანაშემწეს არკადიუშ პროტასიუკს მიმართა", - მფრინავ ჯეგოჟ პეტრუჩუკის ნათქვამი გადმოცემულია აქამდე უცნობ ამ დოკუმენტში. მფრინავის უარის შემდეგ კაჩინსკიმ თავდაცვის მინისტრ ბოგდან კლიხს დაურეკა, რადგან ფიქრობდა, რომ მას შეეძლო მფრინავებზე ზეგავლენა მოეხდინა. თუმცა კლიხმა აღნიშნა, რომ არ შეძლო მათ საქმიანობაში ჩარევა. მაშინ კაჩინსკი პროტასიუკს ანგარიშსწორებით დაემუქრა.
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ 2010 წელს სმოლენსკის კატასროფის დროს პროტასიუკიც დაღუპულთა შორის აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, 2010 წლის აპრილში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ოფიციალური დელეგაციის 88 წევრი იყო. თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა. მათ შორის, ლეხ კაჩინსკი მეუღლესთან ერთად.
ავიაციის სფეროში პოლონელმა ექსპერტებმა აღიარეს, რომ სმოლენსკის კატასტროფის გამო პასუხისმგებლობა პოლონელ მფრინავებს ეკისრებათ. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ რუსი დისპეტჩერების შეცდომა სმოლენსკის ტრაგედიაზე უარყოფითად აისახა.