ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესის შეთავაზებას ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენელმა უარით უპასუხა.
ბი-ბი-სის ცნობით, საერთაშორისო მედიატორთა ჯგუფის შექმნის წინადადება ქალაქ ბენგაზის ეროვნული ოპოზიციური საბჭოს პრეს-მდივანმა უარყო.
პრეს-მდივნის თქმით, საშუამავლო მისიების დრო წარსულს ჩაბარდა, რადგან ძალიან ბევრი სისხლი დაიღვარა.
ამასთან, მუამარ კადაფის ვაჟმაც აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში გარედან ჩარევის საჭიროება არ არსებობს.
კადაფის შვილის, საიფ ალ-ისლამის თქმით, ქვეყანას საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის უნარი თავად შესწევს.
ამ განცხადებების მიუხედავად, ვენესულის ინფორმაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუგო ჩავესის ამ ინიციატივას მიესალმებოდა. მისი თქმით, ამ აზრს მუამარ კადაფიც კეთილგანწყობით შეხვდა.