პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ რესპუბლიკური პარტიის ამერიკის სენატის წევრს, ჯონ მაკ-კეინს, პოლონეთის აღორძინების ორდენი გადასცა. ამის შესახებ "პოლონეთის რადიო" იტყობინება.
მაკ-კეინმა ჯილდო ამერიკულ-პოლონური ურთიერთობის განვითარების გამო მიიღო. კერძოდ, რადიოს ინფორმაციით, მაკ-კეინი ნატოში პოლონეთის მიღების ერთ-ერთი აქტიური მომხრე იყო, რომლის წევრიც პოლონეთი 1999 წელს გახდა.
ცერემონია ვაშინგტონის ატლანტიკის კავშირის ანალიტიკური ორგანიზაციის შენობაში გაიმართა, სადაც სიკორსკიმ პოლონეთის დემოკრატიზაციის შესახებ ლექცია წაიკითხა. მან პოლონეთში განვითარებული პროცესები ახლო აღმოსავლეთსა და მაღრიბში განვითარებულ მოვლენებს შეადარა, რომლის მოსახლეობამაც საპროტესტო აქციები გამართა.
პოლონეთის აღორძინების ორდენი 1921 წელს დაფუძნდა. ჯილდო მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებს გადაეცემათ. ასევე, აღორძინების ორდენით აჯილდოებენ პოლონეთის დამცველებსა და საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებაში ღვაწლმოსილ პირებს.
ყველაზე ცნობილი უცხოელი, რომელმაც ეს ორდენი დაიმსახურა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დუაიტ ეიზენჰაუერი იყო. ასევე, ჯილდო გადაეცა "ნაცისტებზე მონადირე" ავსტრიელ სიმონ ვიზენტალს.