ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ "აფხაზეთს დაგვიბრუნებდნენ"...
ჩვენ გვპირდებოდნენ თექვსმეტი წელი(!)
თექვსმეტი წელი, თექვსმეტ ნაბიჯს არ უდრის თითქოს, ისე გავიდა... და ენგურს გაღმა ჩარჩენილი ოცნების ტყვეა დღესაც ქვეყანა...
ქვეყანას "სტკივა", რა თქმა უნდა, იმაზე მეტად ვიდრე სტკიოდა და სტკივა ხალხსაც...
მაგრამ ტკივილმაც შეჩვევა იცის და შევეჩვიეთ(!)
ვიღაცა ამბობს, რომ აფხაზეთს ხვალ დავიბრუნებთ...ვიღაცა დღესაც აფრიალებს თეთრ ბაირაღებს... ვიღაცას თოფი მხარზე ედო ჯერ კიდევ გუშინ და სასხლეტზე მარჯვენა უდევს...
ჩვენ დავიშალეთ, დავიქსაქსეთ, თან ისე სწრაფად, რომ აფხაზეთში დაბრუნება თუღა გვიშველის, მაგრამ არავინ არ იცის როდის?...ან კი ოდესმე?..
მეხსიერებას აქვს უნარი, შემოინახოს ყველა კადრი და ფსოუზე დადგეს "დარაჯად"...
მეხსიერებას აქვს უნარი, ბავშვივით "შეცდეს" თუნდაც წარსულში და აწმყოშიც "გვკვებოს" ტყუილით, ოღონდ ოცნებამ არ "იშიმშილოს"...
მეხსიერებას აქვს უნარი, სილა გაგაწნას და შეგარცხვინოს....
მეხსიერებას აქვს უნარი, რომ ავ დემონს დაემსგავსოს და არ დაგინდოს - გაგახსენოს ყოველი წამი, ცოდვად რომ გაწევს, სირცხვილად და ხანაც ტკივილად...
მეხსიერებას აქვს უნარი, სემოგიტიოს დუშმან მტერივით, გადაგთელოს და თვით სიკვდილიც განატრებინოს...
მეხსიერებას აქვს უნარი, შემოგინახოს მთელი ცხოვრება და დაგაბრუნოს ცხადლივ თუ არა, სიზმრად მაინც კვლავ აფხაზეთში......
მაგნოლიებმა ალბათ უკვე ჩაიყვავილეს..
...კვიპაროსების ხეივანში გავლას რაღა სჯობს...
...ბიჭვინთის თავზე მზე დგას ალბათ ოქროს შადრევნად და ერთი წამი, ერთი სხივი, მართლა გიღირს მთელ სახემწიფოდ...
...მთელი ცხოვრება შეგიძლია გაცვალო წამში, თუკი ეს წამი თოლიებთან ერთად აგაფრენს - ზღვიდან ზეცამდე და ზეციდან დაგაბრუნებს სოხუმში, სახლში...
...მაგრამ ეს "წამი" არ დაუდგა ჯერაც არავის...ზოგს საფლავში ნატვრა გაჰყვა მხოლოდ სუდარად...ზოგი მოკვდა ისე, თითქოს არც კი ყოფილა...ვიღაცამ, ალბათ სწორედ ეხლა დახუჭა თვალი და შერჩა კადრი - აფხაზეთში ვერ დაბრუნების, ან დაბრუნების(!)
***
"ჩვენ დავრუნდებით" - ეს სიტყვები თექვსმეტი წლის წინ ყველამ ერთხმად ვთქვით...
"ჩვენ დავბრუნდებით"- თექვსმეტი წელი ამ სიტყვენს ვამბობთ და ვერ ვბრუნდებით...
ხელისუფლებას აქვს "უფლება", რომ მოგვატყუოს და ჩვენც ვტყუვდებით, მაგრამ როდემდე?...
ყველა ხავსი ჩაგვალპა ხელში და იმედიც ყავლგასული ნივთივით გაცვდა...ყავლგასული ნივთივით გაცვდა, რადგან იმდენჯერ ვისარგებლეთ ყალბი იმედით, იმდენჯერ "ვრეცხეთ" სისხლიანი პერანგი ფიქრით, იმდენჯერ ვცადეთ ბაირაღად გამზეურება, იმდენი რამე "დავაკისრეთ" იმედის იმედს, რომ ვერ "გაუძლო" და სადღაც ჩაწყდა და დაიკარგა, როგორც ბილიკი უღრან ტყეში "გზააბნეული"... როგორც ხიდი, ბეწვის ხიდი ათასობით ადამიანის დარდით "დამძიმებული" - ხერხემალში, წელში "გაწყდა" ჩვენი იმედი... და ფიქრიც გაჰყვა, როგორც "მძევალი", ქვესკნელებში დატყვევებული...
ჩვენ ტყვეები ვართ! საკუთარი ფიქრის და დარდის, საკუთარ მიწის...და ჩევნი მიწაც სხვათა ტყვედ იქცა...
ჩვენ ტყვეები ვართ! და ჩვენი მიწაც, ჩვენთან ერთად "ტყვეთა ტყვედ" იქცა...
ჩვენ გვყავს ბატონი, ბატონი და ბატონთ ბატონი(!)
ჩვენ არ გვყავს "მწყემსი" და ქვეყანსა არ ჰყავს პატრონი(!)
ჩვენ გავატყუებენ და ჩვენც ვტყუვდებით, რადგან სიმართლე აფხაზ დიაცის ხელით ნაკაზმ სადილზე უფრო მწარეთ მწარეა...
რადგან სიმართლემ, უტყუარამა, დაუნდობელმა, შეიძლება გვატკინოს გული... იმაზე მეტად, ვიდრე ეტკინათ ოჩამჩირეში დახვრეტილ ბიჭებს...
ისინი მოკვდნენ, ჩვენ კი ჯერაც ცოცხლები გვქვია და "ვუფრთხილდებით" ჩვენზე ადრე "გულების" სიკვდილს...
ვუფრთხილდებით უსახურ იმედს, თუნდაც იმისთვის, რომ მომაკვდავებს სასთუმალთან, ერთი ყლუპი წყალივით გვედგას...
მაგრამ, როდემდე შევინახავთ ჭაობად ქცეულ "იმედის" წვეთებს და ხელისგულზე შემომპალ "ხავსებს"(?!)
***
ხელისუფლებას აქვს "უფლება", რომ მოგვატყუოს და ჩვენც ვტყუვდებით(!)
კოდორს დავარქმევთ ზემო აფხაზეთს და ესაც კმარა...თუნდაც დროებით...თავად კოდორის დაკარგვამდე...ესეც საქმეა(!)
მაგრამ რისთვის?..ანდა როდემდე?..
ვის აქვს პასუხი ამ კითხვებზე, ანდა მათ მსგავსზე?..
ვის აქვს პასუხი, თუნდაც იმაზე რას ცვლის სახელი, თუკი სოხუმის თავზე ისევ დროშა ფრიალებს...არა ქართული(?!)
ან დროშა რას ცვლის, დიდი გათვლით, დიდი გაგებით, ან მათი დროშა, ან დროშა ჩვენი, თუკი ტარზე ფრიალის იქეთ არც ის არ "მიდის"?..
ხელისუფლებას აქვს "უფლება", რომ მოგვატყუოს და ჩვენც მოვტყუვდით...სახელის სახელს "ჩამოვკიდეთ" დიდი იმედი...ისე ვით ტოტებს, მაგნოლიის ტოტებს ყულფები, ჩვენი ოცნების კიდევ ერთხელ "ჩამოსახრჩობად" გამზადებული(!)
ხალხი ოცნებობს...ხალხი ფიქრობს...ხალხი იღლება...
მაგრამ ჩვენ მგონი დაღლის იქეთ ვეღარ მივდივართ...ვიგონებთ გმირებს, ვიგონებთ მითებს, და ყველაფერს ვიგონებთ ოღონდ - არ დავუდგეთ სიმართლეს გვერდით...ოღონდ "გადავრჩეთ", დღეს გადავრჩეთ, ხვალისაზე იზრუნოს ხვალემ...
ამასობაში გვავიწყდება ძალზე მთავარი - რომ გვატყუებენ და თავს ვიტყუებთ!..
გვავიწყდება უფრო მთავარიც:
...იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა...
ვიღაცა მოკვდა - ჩვენი გულისთვის, სამშობლოსთვის, კიდევ იმისთვის, რომ ტყუილში აღარ გვეცხოვრა!..
***
ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი და უფრო მთავარიც, რომ ჩვენს ქვეყანას ძაძი ჯერაც აცვია ტანზე; რომ იმ ბიჭებს უსახელო საფლავებისთვის არ უბრძოლიათ; და არც იმისთვის, რომ რომელიმე ჩვენთაგანმა მათ ობელისკზე, ენკენის თვის ოცდაშვიდ რიცხვში, გვირგვინი დადოს(!)
ჩვენ დაგვავიწყდა და დაგვავიწყეს უფრო მთავარიც - მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენთვის, ჯერაც ვალში ვართ იმათ წინაშე და იმ ვალსაც გადახდა უნდა, თუნდაც იმისთვის, რომ მიწაზე "დამარცხებულებს" ზეცაში მაინც აღარ "შეგვრცხვეს" ერთურთის "ნახვა"... და მათი "ხილვაც", ვინაც აქამდე მოგვიტანა ჩვენი ქვეყანა და ის მიწა, რაც დღემდე შეგვრჩა...
იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა ჩვენი გულისთვის და ჩვენ ვალი გვაქვს გადასახდელი- მათი სულის, ღმერთისა და ქვეყნის წინაშე...
ეს ის "ვალია", რომლის გადახდას ვერ შეძლებენ "დონორი" ქვეყნის ნაბოძები კრედიტ-გრანტები...მსოფლიო ბანკში ყველაფერი ფულზე ითვლება...ჩვენი "ვალი" კი - იზომება სისხლით და სულით...
და კიდევ იმით, ქართველობა რომ ერქვა წინათ და დღესაც ჰქვია, თუკი ისევ ჰქვია ვინმესთვის(!)
იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა... ვიღაცა მოკვდა, არა იმისთვის - ჰალსტუხიანმა "პიჟონებმა" მათ ქვრივებს, რომ დადაგან თვალი(!) ხოლო შვილები, გოგო და ბიჭი ... საზარბაზნე ხორცად შესწირონ გადამთიეთა უცხო ომებს... ხოლო გოგონას, უცხო ენაზე მოსაუბრე მიმტან გოგონას, უცხოელებმა უთათუნონ თეძოზე ხელი(!)
იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა...მოკვდა გმირულად, არა იმისთვის, რომ დედამისს, მოხუცებულს და დარდისგან გამტყდარს, მიწისქვეშა ჩასასვლელთან დავუგდოთ გროში, ათჯერ და ასჯერ ნაკლები და იმაზე მცირე, ვიდრე ცრემლები დაუღვრია, თუნდაც ერთ დღეში(!)
იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა ჩვენი გულისთვის...
ვისაც სცხვენია, უნდა შერცხვეს კიდეც ამისი, რადგანაც ვალი მძიმეა და უფრო მძიმდება, რაც წლები გადის!..
ვალიც მას ააქვს, ვინც მოვალედ ჩათვალა თავი...
ხელისუფლება ჩირგვში ზის და ჩუმად ქირქილებს - ნეტა რა წლები, ნეტა რა ვალი, ნეტა რა დარდი(?!)
ხელისუფლება ზეიმს მართავს და მასხრად გვიგდებს...ხელისუფლება პარაკლისებს გვიხდის და ტირის, კლოუნის ცრემლით, ჯამბაზის ცრემლით და ცრემლით ყალბით, დგას ობელისკთან და წამებს ითვლის, სახალხო გლოვის დასრულებამდე სული კბილით უჭირავს თითქოს...ერთი რამ იცის, რომ "გლოვის დღეს" უნდა "იგლოვოს"...ხვალიდან კი დაიწყება ისევ "ზეიმი", შადრევნების აჩუხჩუხება, გზების დაგება, ამასობაში "ტანცოვშიცაც" ჩამოვა ვინმე და რომელიმე ქვეყნის "გრანტიც" სადმე, გზაზე წამოგვეწევა...
იქ, ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში ვიღაცა მოკვდა, დღესაც კვდება, ხვალაც მოკვდება....თუკი აფხაზეთს დაბრუნება კვლავ უწერია!...
***
მაინც რა არის მიზეზი და მიზეზთ მიზეზი, საკუთარი სახლის კარი თექვსმეტი წლის მანძილზე, რომ ვერ შეგვიღია(?)
აფხაზეთი ყველას სტკივა, თავისებურად და მეტ-ნაკლებად...ყველას ახსოვს, თავისებურად და მეტ-ნაკლებად....ყველაფერი თავისებურად და მეტ-ნაკლებად "იზომება" ჩევნთან და ჩვენში...
გვყავს დევნილები, გვყავს ლტოლვილები, ურიცხვი მტერი გვყოლია და კვლავ გვეყოლება. არაფერი არ შეცვლილა ამ ქვეყნად თითქოს, იმის გარდა, რომ დღეს დღე მისდევს და წლებს წლები.
აზრი არა აქვს, თუ იკითხავ - რა გვეშველება?...რადგან ამ კითხვას თან მოჰყვება სიცილიც, ცრემლიც...მოჰყვება განცდა, მოჰყვება დარდი, მოჰყვება ოხვრა და ყველაფერი თან მოჰყვება პასუხის გარდა(!)
პასუხი არ გვაქვს, არც გვქონია და თუ გვექნება, ისეთი მწარე, რომ სჯობია სულაც არ გვქონდეს.
დევნილები გამოყარეს თავშესაფრიდან, რომელიც კი გაყიდვად ღირდა...აუშალეს ქუჩის დახლები...ქუჩა-ქუჩა დაწანწალებს დიდიც, პატარაც და სარჩოს ეძებს...არაფერი საამური მათ თავს არ ხდება, გარდა იმისა, რომ საარჩევნოდ მათი ხმები გროშებად ფასობს...
სულ ეს არის ზღაპრის იქეთ და ზღაპრის აქეთ...
მაგრამ ზღაპარი ცხოვრებასთან აბა რას მოვა, თუნდაც ტყუილის სიმრავლით და ფლიდთა სიუხვით(?!)
...და ზღაპარიც აფხაზეთზე აღარ სრულდება - აღარც ავად და აღარც კარგად...არც დასრულდება!
ვიდრე ენგურს არ გადავლახავთ ზუსტად იმ განცდით, ზუსტად იმ აზრით და იმ შეგნებით - "იმ გორისა ვართ უკან დახევა, რომ არ გვჩვევია" - და ჩვენც ვბრუნდებით!...
უკან არა, აფხაზეთისკენ!..
***
ხელისუფლებას აქვს "უფლება", რომ მოგვატყუოს და ჩვენც ვტყუვდებით...
ჩვენ გვყავს ბატონი, ბატონი და ბატონთ ბატონი(!)
ჩვენ არ გვყავს "მწყემსი" და ქვეყანსა არ ჰყავს პარტონი(!)
ჩვენ დაგვავიწყდა მთავარი და უფრო მთავრი, რომ ჩვენს ქვეყანას ძაძი ჯერაც ისევ აცვია...
ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ეშერაში, გაგრაში და გუდაუთაში, ტაიშის ომში, ვიღაცა მოკვდა...
ჩვენ დაგვავიწყდა ვალის გადახდა და ვალის არსიც, და სიზმრების იმედად დავრჩით...
მაგნოლიებმა, ალბათ უკვე ჩაიყვავილეს...
კვიპაროსების ხეივანში გავლას რაღა სჯობს...
ბიჭვინთის თავზე მზე დგას ალბათ ოქროს შადრევნად და ერთი წამი, ერთი სხივი, მართლა გიღირს მთელ სახემწიფოდ....
მთელი ცხოვრება შეგიძლია გაცვალო წამში, თუკი ეს წამი თოლიებთან ერთად აგაფრენს - ზღვიდან ზეცაში და ზეციდან დაგაბრუნებს - სოხუმში, სახლში...
მაგრამ ეს წამი არ დაუდგა ჯერაც არავის...ზოგს საფლავში ნატვრა გაჰყვა მხოლოდ სუდარად....
ზოგი მოკვდა, ისე, თითქოს არც კი ყოფილა...
ვიღაცამ, ალბათ, სწორედ ახლა დახუჭა თვალი და შერჩა კადრი - აფხაზეთში ვერ დაბრუნების, ან დაბრუნების!....
"ჯი-ეიჩ-ენი", ელგა ფოლადიშვილი