"ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში" სასტუმროების მშენებლობით კიდევ 11 კომპანია დაინტერესდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგ ეტაპზე ტურისტულ ზონაში სასტუმროების მშენებლობის სურვილი 11 კომპანიამ გამოთქვა, რომლებმაც განაცხადი 15 სასტუმრო კორპუსის მშენებლობაზე გააკეთეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროების აშენებით ქართული, ირანული, უკრაინული და სომხური კომპანიები არიან დაინტერესებულნი.
"ქობულეთის ტურისტულ ზონაში" სასტუმროების აშენების სურვილი პირველ ეტაპზე ოფიციალურად 50-ზე მეტმა კომპანიამ დააფიქსირა.
სამთავრობო კომისიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს.
ცნობილია, რომ ქობულეთში, ე. წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და Eშჩო-ჩონცერნ" ჩჟშჩ" (სომხეთი, ერევანი).
ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.
პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიაზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.
ასევე, განსაზღვრულია, სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
ინვესტორებს, რომლებთანაც სახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებელ სასტუმროებზე ხელშეკრულებები გააფორმა, პირობის შესრულება 15 თვის ვადაში მოუწევთ და არა 2011 წლის 1-ელ აგვისტომდე, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული.
ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვის ვადაში სასტუმროს საძირკველი ჩაყაროს, ამის შემდგომ 6 თვის განმავლობაში შენობის კონსტრუქცია ააშენოს და შემდგომი 5 თვის განმავობაში კი სასტუმრო მოაწყოს და სტუმრების მისაღებად მოამზადოს.
სახელშეკრულებო პირობების თანახმად, თუ ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას და მის მოწყობას 15 თვის განმავლობაში ვერ მოასწრებს, მთავრობა იტოვებს კეთილ ნებას, ინვესტორს დამატებით 3 თვის გონივრული ვადა მისცეს, ვალდებულებების შესასრულებლად. ხოლო თუ ინვესტორი 18 თვეშიც ვერ მოახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულებას, მაშინ მთავრობა ვალდებულია, აღნიშნული ინვესტორის მიმართ გარკვეული სანქციები გაატაროს.
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებითა და სათანადო ინფრასტრუქტურით