ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოფელ სარუსოს სახელი შეუცვალა. საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სოფელს შოროხი დაერქვა. საკრებულოს ხელმძღვანელები განმარტავენ, რომ სარუსოსთვის სახელის შეცვლას პოლიტიკური მოტივი არ აქვს და ინიციატივა სოფლის მოსახლეობას ეკუთვნის.
„ადგილობრივი ნორმატიული აქტი უკვე მიღებულია. სოფელს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შოროხი დაერქვა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ლომიძემ. მისივე თქმით, სოფელს გვერდზე მდინარე შოროხევი ჩამოუდის და სახელიც აქედან შეირჩა.
საკრებულოს გადაწყვეტილება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიამ უნდა დაამტკიცოს.