გუშინ გვიან ღამით # 11 სამარშრუტო ტაქსის რვა მძღოლს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა.
ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მძღოლები დროებითი პატიმრობის იზოლატორში მოათავსეს.
"სასამართლომ აბსურდული სპექტაკლი დადგა. მძღოლებს დასწამეს, თითქოს მათ უცხო პირებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩვენი ინფორმაცით, ასევე, სხვა სამარშრუტო ხაზის კიდევ ორი მძღოლი გაასამართლეს,"_აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ პოლიციისა და მერიის მხრიდან მძღოლებზე ზეწოლა გრძელდება.
"მათ სხვადასხვა გაჩერებებზე ხვდებიან და მძღოლების დაყოლიებას ცდილობენ. თუმცა ვურჩევთ მძღოლებს, ბოლომდე იბრძოლონ და უსამართლობას არ დამორჩილდნენ,"_განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, მძღოლების გაფიცვა ორშაბათის ჩათვლით გრძელდება. ორშაბათს 14.00 საათზე კი "რედისონთან" მათი საპროტესტო აქცია მოეწყობა.
შეგახსენებთ, დედაქალაქში მძღოლების გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შეიტყვეს, რომ გამარჯვებული კომპანია მძღოლებს ყოველდღიურად 20-დან 40 ლარამდე თანხას სთხოვდა.