გრძელვადიანი პაემანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
ცვლილება შედის "პატიმრობის კოდექსში", რომელიც გრძელვადიანი პაემნების ამოქმედებას ვადაზე ადრე ითვალისწინებს.
კანონპროექტში ხელისუფლებამ "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შეთავაზებული ოთხი წინადადება გაითვალისწინა.
საბოლოდ, კანონპროექტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა - "გრძელვადიანი პაემანის ხანგრძლივობა შეადგენს არა უმეტეს 24 საათისა და მისი ღირებულება 60 ლარია, აღნიშნული თანხა კი ძირითადად უნდა მოხმარდეს მისი მიზნების გახორციელებასა და ფუნქციების შესრულებას".
ხანგრძლივ პაემანთან დაკავშირებით ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული ორი კვირით ადრე და მათ პაემანის ორგანიზება უნდა უზრუნველყონ განცხადების შესვლის დღიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი ინფორმირებული უნდა იყოს 10 დღის განმავლობაში.
ხანგრძლივი პემანი არ ეძლევათ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, გარდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილებისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინარული სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.
ხანგრძლივი პაემანის მიცემის საკითხს წვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.
ხანგძლივი პაემანის შეცვლა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, ხანმოკლე პაემანით ან სატელეფონო საუბრით დაუშვებელია.
ამასთან, პაემანის ოთახში შექმნილი პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს და არ ლახავდეს ადამიანის უფლებებს.
ხანგძლივი პაემანით სარგებლობის უფლება პატიმრებს წელიწადში 2+1 და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 3+1 ექნებათ. მსჯავრდებულებთან პაემანის უფლებით ისარგებლებენ შვილები, ნაშვილები, მეუღლე, მშობლები, მშვილებელი, და და ძმა.
"თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნით კანონპროექტში ჩაიწერა, რომ 2012 წლის 1-ლი ივნისიდან საქართველოს მთავრობამ არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ქალი და არასრულწლოვანი მსჯვარდებულებისთვის პაემანების რაოდენობის საკითხს უნდა გადახედოს, ასევე განიხილოს დახურული ტიპის დაწესებულებში მყოფი პატიმრებისთვის ხანგრძლივი პემნის მიცემის უფლება.
კანონი პირველ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში - არასრულწლოვანთა #11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ასევე რუსთავის მე-6 საპყრობილეში, სადაც სამუდამო პატიმრობა მისჯილები იმყოფებიან და რუსთავის #16 დაწესებულებაში ამოქმედდება, სადაც ამ ეტაპზე ხანგრძლივი პაემნებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასრულებულია. 2012 წლის 1-ლი ივნისიდან ხანგრძლივი პაემანით სხვა საპატიმროების მსჯავრდებულებიც ისარგებლებენ.