"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას კორუფციასთან დილეტანტური მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვის რეორგანიზაციის კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას აღნიშნა.
"შეუძლებელია სატყეო სექტორში კორუფციის აღმოფხვრა სისტემური მიდგომის გარეშე, მისი მხოლოდ გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან შეერთებით", - აღნიშნა ახვლედიანმა და დასძინა, რომ რეინჯერების პრობლემას ის წარმოადგენს, რომ მათ განსაკონტროლებლად 5 ჰექტარი ტყე აბარიათ, რასაც ვერ ახერხებენ და ამიტომ ურჩევით უკანონობაზე გარკვეული თანხის საფასურად "თვალი დახუჭონ".
დეპუტატს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოსახლეობას 100-ლარიანი ქრთამის მიცემა არ დასჭირდეს იმისთვის, რომ ჭიგოს მოსაჭრელად ციხეში არ მოხვდეს. სატყეო სააგენტოს მხოლოდ ადგილის შეცვლით კი კორუფცია ამ სექტორში არ აღმოიფხვრება.
"როგორც იყო კორუფცია გარემოს დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, ისევე იქნება ენერგეტიკის სამინისტროში გადასვლის შემთხვევაშიც. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ქვეყანა უბედურებაში ჩავარდა და უკვე შეუძლებელი იქნება უკან დაბრუნება", - განაცხადა ახვლედიანმა.