"დროსთან ერთად ბევრი რამ დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასოდეს უნდა დავივიწყოთ ის, რომ 1921 წლიდან 1953 წლამდე საქართველოში დახვრიტეს 80 ათასი ჩვენი მამულიშვილი და თანამოქალაქე ხოლო 200 ათასზე მეტი გადაასახლეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"1921 წლის ოკუპაციას საქართველოში ნამდვილი სასაკლაოს მოწყობა მოჰყვა. არ უნდა დაგვავიწყდეს ტიტანური მსხვერპლი, რომელიც ქართველმა ხალხმა ოკუპაციის შედეგად გაიღო. მე კარგად ვიცი ეს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის უმეტესი ნაწილი მოჰყვა ამ რეპრესიებში. მე გამზარდა დიდმა ბაბუამ, რომელიც მრავალ წელს იხდიდა საოკუპაციო ხელისუფლების მისჯილ სასჯელს ციმბირში", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რომ 30-იან წლებში ადამიანთა გადასახლება უმრავლეს შემთხვევაში სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.
"ყოველივე ამის შედეგად, ქართული საზოგადოება, ანუ ის ხალხი, რომელსაც ეყრდნობა ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო, ფაქტობრივად, გაქრა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კლასიდან, მაგრამ დღეს სხვა დროა - დღეს ხელახლა ვაშენებთ სახელმწიფოს და მოკლე დროში ვცდილობთ აღვადგინოთ და შევქმნათ ის, რაც წაგვართვეს და მოგვკვეთეს", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს აღარ არის 1921 წელი, ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, საქართველოს უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ვიდრე ოდესმე, იმიტომ, რომ საინტერესო, მიმზიდველი ქვეყანა გახდა, რომელიც სიმპათიას და პატივისცემას იმსახურებს და რაც მთავარია ქართველი ხალხის ერთად დგომის წყალობით საქართველო გადარჩა და შეინარჩუნა განვითარების საშუალება.
პრეზიდენტის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.