"საქართველოს ევროპისკენ მისწრაფება და ევროპულ წიაღში დაბრუნება ისტორიული მიზეზებითაა განპირობებული. როცა კი საქართველოს მისცემია დამოუკიდებლად განვითარების საშუალება და შანსი - ეს მისწრაფება არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამავე დროს საქართველო ხდება მნიშვნელოვანი რეგიონალური სუბიექტი და ახალი სტანდარტების შემქმნელი და გზის მანათებელი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის.
"ჩვენი პირველი რესპუბლიკა სრულიად სხვა ეპოქაში საკმაოდ დიდი ხნის წინ არსებობდა და ისტორიაში პარალელები ყოველთვის სარისკოა. არ შეცვლილა მთავარი მაშინაც და დღესაც - საქართველოს სურდა შემდგარიყო წარმატებულ დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ. მაშინაც და დღესაც კრემლში მსხდომი ადამიანები არაფერს ერიდებიან, რათა ეს პროცესი, ქართველი ხალხის ნების გამოხატულება, შეაჩერონ. მაშინაც და დღესაც საქართველოს არჩევანი ევროპული და თავისუფლების გზის სასარგებლოდ უდავოდ ნათელი იყო. მაშინაც და დღესაც ცხადზე ცხადი, იყო საქართველოს მრავალეთნიკური ხალხის მტკიცე სურვილი - საქართველო დაუბრუნდეს ევროპას და იყოს დემოკრატიული სახელმწიფო", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.