"ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების პირობას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია პროგრესის მისაღწევად", _ აღნიშნა თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტაინბერგმა ქართულ მედიასთან საუბრისას.
სტაინბერგის თქმით, აშშ ძალისხმევას არ იშურებს, რათა ჟენევის პროცესმა წინ წაიწიოს. ამ საკითხზე პროგრესისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად კი აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ხელისუფლებებთან. მეტიც, სტაინბერგის სიტყვით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პოზიცია ცხადზე ცხადია. ამიტომ პოზიციას ყველგან აფიქსირებენ, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის სტატუსით, ჯეიმს სტაინბერგის ეს უკვე მესამე ვიზიტია საქართველოში. ჩვენს ქვეყანას იგი სომხეთის შემდეგ ეწვია, რის შემდეგაც აზერბაიჯანში გაემგზავრა.