"საბჭოთა იმპერიას არ უნდოდა, ეს გაკვეთილი გვხსომებოდა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენი მეხსიერებიდან მთლიანად ამოშლილიყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპაციის მუზეუმში კადეტთა კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
"ვინც უარი თქვა ამის დავიწყებაზე, უბრალოდ დახვრიტეს ან გადაასახლეს. დანარჩენებისთვის კი ჩვენი ისტორიიდან ამოხიეს არასასურველი გვერდები და ახალი, ფიქტიური ისტორიის ფურცლები ჩააკერეს. იმპერიის ბოროტი ირონია იქამდე მივიდა, რომ 25 თებერვალი ზეიმის დღედ გამოაცხადეს. ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობა ზეიმობდა საქართველოს გასაბჭოების დღეებს, როგორც უდიდეს მიღწევას და შავბნელი წარსულიდან გათავისუფლებას. ამ დღეზე იწერებოდა ლექსები, სიმღერები, იდგმებოდა მონუმენტები, იღებდნენ ფილმებს. ამ დღეს ბავშვები ქუჩებში აფრიალებდნენ საბჭოთა დროშას. ბოლო დრომდე ამ დღეს საქართველოში ერთმანეთს ულოცავდნენ როგორც "კაცების დღეს", _ იხსენებს საქართველოს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ მაშინ არავინ ამბობდა, რომ წითელი დროშა, პირველ ყოვლისა, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების სისხლით იყო შეღებილი.
"არავინ გვახსენებდა იმას, რომ ეს დროშა პირველად იუნკერების, პირტიტველა ბიჭების გვამებზე იყო აღმართული. არავინ გვეუბნებოდა, რომ 25 თებერვალი იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღე, დღე, როდესაც მოკლეს ქართული სახელმწიფო", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მიმართვას ოკუპაციის მუზეუმში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და საქართველოს პირველი მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას შთამომავლები და იუნკერების ოჯახის წევრები ესწრებიან.