მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა. ის მიტროპოლიტი იობოს გაცხადებას გამოეხმაურა.
„გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი. ეკლესიის მისია არის საზოგადოების სულიერებაზე ზრუნვა და სახელმწიფოს მისია არის უსაფრთხოება, დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკის განვითარება, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ამოცანების შესრულება. ამიტომ სრულიად გაუგებარია მეუფეს ეს აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალდებები. ჩვენ მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ამისთვის არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა და ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ კითხვას, რომელიც არსებობს კონკრეტული სასულიერო პირების მხრიდან, გაეცეს ამომწურავი პასუხი.
მე პირადად ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, ჩემი ეკლესია, მე ვარ ეკლესიის შვილი და ჩემი პატრიარქის უსაზღვრო სიყვარულისა და პატივისცემის გათვალისწინებით, მე პირადად თავს შეიკავებ მას უშუალოდ ვუპასუხო იმ პოლიტიკურ ბრალდებებზე, რომელიც მან წამოაყენა ამბიონიდან. მეუფე იობი არის წმინდა სინოდის წევრი და არის მცდელობები ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, მოხდეს სახელმწიფოსა და ეკლესიის დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში შესვლა, რაც არის დაუშვებელი და რაც არ შედის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს დაპირისპირება მოხდეს. ეს შედის პირდაპირ იმ გარე ძალების, მათ შორის შიდა ძალების, მავნე ძალების ინტერესებში, რომლებიც დღე და ღამე ცდილობენ ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს მეტი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია, მათ შორის იმ სასულიერო პირებთანაც, რომლებსაც აქვთ განსხვავებული პოზიცია [IPN]“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ურწმუნოა.და მან „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.