Bloomberg-ის ცნობით, დასავლური სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია.
გამოცემის წყაროების თანახმად, ეს ომამდე არსებულ საწარმოო შესაძლებლობებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია. მიუხედავად ამისა, ირანს, მრავალთვიანი საჰაერო დარტყმების შემდეგაც, სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში მნიშვნელოვანი საბრძოლო პოტენციალი აქვს.
ომის პირველივე დღეებიდან აშშ აცხადებდა, რომ თეირანის სარაკეტო არსენალი და მისი აღდგენის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იყო შესუსტებული. ეს შეფასება სამშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმაც დაადასტურა. მისი თქმით, ირანის სამრეწველო ბაზის 80% განადგურებულია.
აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვნად დასუსტდა. თუმცა, სამხედრო დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით, დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა კვლავ აქვს და ახალ რაკეტებს ომამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნელი ტემპით აწარმოებს.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) სამშაბათს ვიდეო გაავრცელა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქის“ გახსნაა ასახული.
ლონდონის კინგს-კოლეჯის სამხედრო კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე სპეციალიზებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის შეფასებით, ირანს შესაძლოა, ათასობით Shahed-ის ტიპის დამრტყმელი დრონიც ჰქონდეს დარჩენილი.
Bloomberg აღნიშნავს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და Shahed-ის ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. უცნობია როგორც ომამდე არსებული მარაგების მოცულობა, ისე ის, რამდენად შეძლო თეირანმა იმ რაკეტების მარაგის აღდგენა, რომლებიც ომის დროს გამოიყენა ან განადგურდა.