ყვარლის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ოლიკო სეფიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მის ნაცვლად მოსამართლედ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ მრელაშვილი დაინიშნა.
ვახტანგ მრელაშვილი დაიბადა 1970 წლის 16 მარტს თელავის რაიონის სოფელ იყალთოში. 1987 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა. 1996 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი. 1997-2005 წლებში მუშაობდა შსს საგამოძიებო დეპარტამენტის თელავის განყოფილების გამომძიებლად; 2005-2006 წლებში მუშაობდა შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებლად; 2006-2007 წლებში მუშაობდა შსს ყვარლის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილედ; 2007-2008 წლის მარტის თვემდე მუშაობდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2008-2009 წლებში მუშაობდა შსს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივი-გამომძიებლის თანამდებობაზე.
„ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტების შეფასებით, ოლიკო სეფიაშვილი ერთადერთი მოსამართლე იყო კახეთის რაიონულ სასამართლოებში, რომელმაც 2010 წელს, საჯარო სკოლებიდან პედაგოგების მასობრივი გათავისუფლების დროს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ციალა კუნელაშვილი სამსახურში აღადგინა. მათივე თქმით, სეფიაშვილი ასევე ერთადერთი მოსამართლე იყო, რომელიც პროცესზე პროკურორებს საჭიროების შემთხვევაში შენიშვნებს აძლევდა.