მარკო რუბიო: უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემის საკითხზე პროგრესია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისა და ევროპის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს.
ამის შესახებ რუბიომ ჟურნალისტებს პარიზში „დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამგზავრებამდე განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხზე გამართულ ყველა დისკუსიაში ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა და ომის შემდეგ უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განსაზღვრაა.
„რუსეთ-უკრაინის საკითხზე საუბრის მთელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად წამოიჭრებოდა უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობის საკითხი. როგორი იქნება უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების სისტემა და, უფრო ფართო გაგებით, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების სისტემა? ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობს პრეზიდენტი, როდესაც ამბობს, რომ გარკვეული წინსვლა უკვე არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს არქიტექტურა კონფლიქტის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა რუბიომ.
მისივე თქმით, ომი ჯერ უნდა დასრულდეს, რათა ამ საკითხზე მუშაობა შესაძლებელი გახდეს. რუბიომ დასძინა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს, თუმცა შესაძლოა, აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დამატებითი პროგრესის მიღწევა მოხერხდეს.
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხთან ერთად, ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებსა და დაძაბულობის შემცირების გზებს განიხილავენ. მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების მონაწილეობაც იგეგმება.