თბილისის პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ფაქტზე ადვოკატები სოსო ჯღარკავა და ლევან მელქაძე დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, სოსო ჯღარკავამ და ლევან მელქაძემ განიზრახეს, მოტყუებით დაუფლებოდნენ ლია გაიხარაშვილის კუთვნილ თანხას, რომლის მეუღლეც სერგო დოშოიანი, დაკავებული იყო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე და რომლის ინტერესებს იცავდნენ ზემოხსენებული ადვოკატები - ს. ჯღარკავა და ლ. მელქაძე.
განზრახვის აღსასრულებლად, სოსო ჯღარკავამ ლევან მელქაძესთან შეთანხმებით, დაარწმუნა ლია გაიხარაშვილი, რომ სერგო დოშოიანისთვის პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მისაღწევად საჭირო იყო შესაბამისი თანამდებობის პირისათვის 10 000 ლარის გადახდა, შეთანხმების ფარგლებში დოშოიანს მიესჯებოდა ჯარიმა და პირობითი მსჯავრი, ან უკიდურეს შემთხვევაში, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამ გზით 2010 წლის სექტემბერში ს. ჯღარკავამ მიიღო მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლისაგან 10 000 (ათი ათასი) ლარი, რომელიც გაუნაწილა ლევან მელქაძეს. ერთი თვის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში, ჯღარკავამ განუცხადა გაიხარაშვილს, რომ საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მიღწეული იქნა თანხმობა, მაგრამ საჭირო იყო პროკურატურის ანგარიშზე შესატანი 30 000 ლარის წინასწარ გადახდა.
განსასჯელის მეუღლემ ადვოკატთა ეს მოთხოვნაც შეასრულა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სერგო დოშოიანსა და პროკურატურას შორის არ გაფორმებულა არანაირი საპროცესო შეთანხმება, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას განუსაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომაც. რის შემდეგაც ლია გაიხარაშვილმა მიმართა სამართალდამცველებს.
თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ადვოკატების სოსო ჯღარკავასა და ლევან მელქაძის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი. ადვოკატებს ბრალი დაედოთ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში, დანაშაული გათვლისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადვოკატებს სოსო ჯღარკავას და ლევან მელქაძეს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.