ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართეს. საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც სტუბი და სტორე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრნენ. ამის შესახებ სტუბმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორესთან ერთად ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. განვიხილეთ ჩვენი წინა საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ფინეთი და ნორვეგია უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ“, - წერს სტუბი.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის განცხადებით, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა ზელენსკისთან საუბარი პუტინთან სატელეფონო კონტაქტის შემდეგ გამართეს.
მანამდე, 27 ოქტომბერს, სტუბმა და სტორემ პუტინთან რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ომის დასრულებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივები განიხილეს. ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მომზადებისას უკრაინასთან კონსულტაციებიც გაიმართა.
სტუბმა პუტინთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ ომის დასრულების გზა გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ფინეთისა და ნორვეგიის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე და ომის შესაჩერებლად პირდაპირი დიალოგია საჭირო.