მე არ გთხოვთ, ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი, ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ილიაც და ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლეებს.
წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა.
„წარმოგიდგენთ დოკუმენტს მტკიცებულების სახით. ეს არის 500-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რა არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ფაქტობრივ მტკიცებულებად შემოგვასაღა მოსარჩელე მხარემ. ასევე, წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი და რეალური სისტემური დანაშაულებები. არ გთხოვთ თქვენ არაფერს. მე ასე ჩავთვალე და შეიძლება ვცდები – ევა გოცირიძის გუშინდელმა წამოცდენამ გამიჩინა განცდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი და მოსარჩელე მხარესაც ეს უნდა, იქნება სისტემურ დანაშაულებებზე აპელირება. „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ ვერ იქნება სისტემური დანაშაულებები, „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ არის აღმშენებლობის ცხრა წელი, თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლა. მე არ გთხოვთ თქვენ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ. საქართველოს ისტორია არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი. ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, გვყავდა ილიაც და ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას აირჩევთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.