თურქეთის ქალაქ ანტალიაში ტორნადოს შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. სტიქია სამშენებლო მოედანზე მოხდა და მუშების საცხოვრებლად განკუთვნილი ორი კონტეინერი დააზიანა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
შემთხვევა 26 ოქტომბრის საღამოს, ანტალიის ქეპეზის რაიონის ფევზი ჩაქმაქის უბანში მოხდა. ტორნადომ კონტეინერები დააზიანა, რის შედეგადაც შიგნით მყოფი ხუთი მუშა გადავარდა. ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ორი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაშავებული მუშის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ანტალიის გუბერნატორის, ჰულუსი შაჰინის განცხადებით, ტორნადომ სამშენებლო მოედანზე ამწეც გადმოაგდო, თუმცა ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, სტიქია ლოკალური ხასიათის იყო - ქალაქის სხვა უბნებიდან ტორნადოს ან ძლიერი ქარის შესახებ შეტყობინებები არ შესულა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო და საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.