აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ომის დასრულების შემდეგ ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდების აღდგენას სთავაზობდნენ. უკრაინა ტრანზიტიდან შემოსავალს მიიღებდა, თუმცა ამ ინიციატივამ უკრაინულ დელეგაციაში შეშფოთება გამოიწვია, რადგან არსებობდა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გაძლიერების რისკი. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde წერს.
გამოცემის ცნობით, 9 ოქტომბერს, ფლორიდაში გოლფკლუბ Shell Bay-ში, გამართულ შეხვედრაზე, უიტკოფმა და კუშნერმა არა მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები, არამედ ომის დასრულების შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
Le Monde-ის ინფორმაციით, უიტკოფმა წარადგინა რეგიონული კეთილდღეობის გეგმის იდეა, რომელიც უკრაინას, ევროპასა და რუსეთს მოიცავდა. გეგმის ერთ-ერთი შესაძლო კომპონენტი იყო იმ მილსადენების სრულფასოვანი მუშაობის აღდგენა, რომლებითაც რუსული ნავთობი და გაზი უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპას მიეწოდებოდა.
ამერიკელი წარმომადგენლის მტკიცებით, ამ სქემით უკრაინა ტრანზიტიდან შემოსავალს მიიღებდა, ევროპელი მომხმარებლები კი ენერგორესურსებზე ხარჯების შემცირებას შეძლებდნენ.
ამერიკელი წარმომადგენლების ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი მწვავედ გამოეხმაურა. Le Monde-ის ინფორმაციით, შეთავაზებამ მისი აღშფოთება გამოიწვია, რადგან, მისი აზრით, ამ სქემას შეეძლო კიევი მოსკოვზე დამოკიდებული გაეხადა.
„კირილო ბუდანოვი ძლივს იკავებს ბრაზს“, - ასე აღწერა გამოცემამ უკრაინელი მაღალჩინოსნის რეაქცია.
„ჩვენი მოდელი ბელარუსი კი არა, პოლონეთია!“ - უპასუხა ბუდანოვმა.
ამის შემდეგ შეხვედრა შეწყდა. ბუდანოვმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა, რომელმაც, გამოცემის ცნობით, ურჩია, ემოციები არ გამოეხატა.
მოგვიანებით მოლაპარაკებები განახლდა, თუმცა მხარეებმა სხვა ეკონომიკური შეთანხმებების განხილვა გააგრძელეს, მათ შორის, რუსეთის დიზელის საწვავთან დაკავშირებულ საკითხებზე.
უიტკოფი და კუშნერი რუსეთთან ეკონომიკურ შეთანხმებებს ომის დასრულების შესაძლო ინსტრუმენტად განიხილავდნენ. ისინი ხაზს უსვამდნენ სხვადასხვა მხარისთვის მოსალოდნელ სარგებელს, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობით მიღებულ მოგებას.
ამასთან, უკრაინული დელეგაცია შიშობდა, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ბიზნესურთიერთობების აღდგენა უკრაინის ინტერესების ხარჯზე მოხდებოდა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა იმის შესაძლებლობა, რომ რუსული ენერგორესურსები ევროპულ ბაზარზე ომის დასრულებამდე დაბრუნებულიყო.